ახალი ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი"
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შექმნა ახალი ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ფოტოების და სხვა იშვიათი გამოცემების გაციფრებულ ასლებს. მკითხველს საშუალება აქვს ორიგინალში იხილოს და წაიკითხოს პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი "ცისკარი", პირველი ქართული გაზეთი ”საქართველოს გაზეთი” და სხვა მასალა. ამჟამად "ივერიელში" ატვირთულია შემდეგი კოლექციები:
- გაზეთი "ივერია", რომელიც გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 - 1906 წლებში ყოველდღიურ გაზეთად.
- გაზეთი "საქართველო", რომელიც გამოდიოდა 1903–1905 წლებში
- ჟურნალი "ცისკარი", რომელიც გამოდიოდა 1852–1853, 1857–1875 წლებში.
- იოსებ იმედაშვილის უნიკალური ფოტოკოლექცია, რომელიც ლუარსაბ ტოგონიძემ საჩუქრად გადმოსცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.
საგულისხმოა რომ "ივერიელში" შესაძლებელია სიახლეების გამოწერა. თუ თქვენ დაინტერესდით ამ ელექტრონულ არქივში დაცული რომელიმე ფონდით ან კოლექციით, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სისტემაში და გამოიწეროთ სიახლეები, რის შემდეგაც ყოველი დამატებული ელექტრონული წიგნის ან ჟურნალის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ელ–ფოსტაზე.
Post new comment