სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უნიკალური არქივია აღმოჩენილი. საუბარია  მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ოთხ გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ხელნაწერ ნაშრომსა და ასევე მის პუბლიკაციაზე „შუმერული და ქართულის“ გერმანული ვერსიის სამუშაო არქივზე.

29 ივლისს, 11 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელიც ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს ხელნაწერებს მიეძღვნა. პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები და სხვა მეცნიერები. 

აღნიშნულ გამოუქვეყნებელ ხელნაწერთა შორისაა: “კელიშინის სტელის” ლურსმული ტექსტი რომელშიც  თვალსაჩინო ხდება მეცნიერის მუშაობის პროცესი. “კელიშინის სტელის” ბილინგვის გაშიფვრით საფუძველი დაედო მსოფლიო ურარტოლოგიას; ფრანგულ და გერმანულ ენებზე შესრულებული “შუმერულ-აქადური ლექსიკონი”, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად იყო მიჩნეული; ასევე ფრანგულად დაწერილი ქართული ენის გრამატიკა და აქადური(ასურული) გრამატიკის ფრანგულენოვანი ხელნაწერი.



მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878–02.03.1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა: სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი"-ს და „თეთრი გიორგი“–ს ლიდერი. სამეცნიერო თვალსაზრისით მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. 

აღმოჩენილ ხელნაწერებზე სამეცნიერო კვლევა გრძელდება.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.