ქართული ციფრული ბიბლიოთეკების პირველი გაერთიანებული გამოფენა
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, შაბათს 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ქართული ციფრული ბიბლიოთეკების პირველი გაერთიანებული გამოფენა გაიმართა. პოსტსაბჭოურ სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებითა და ელექტრონული რესურსების შექმნის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში არსებული ელექტრონული რესურსების მომწოდებელი თითქმის ყველა წამყვანი ელექტრონული ბიბლიოთეკა ციფრული კოლექციებით: საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თსუ - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, lib.ge, lit.ge, ახალი სკოლა და სხვები. ყველა დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა უფრო ახლოდან გაცნობოდა ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ლიტერატურული ინტერნეტ პორტალების ციფრულ კოლექციებს. აქ ფართოდ იყო წარმოდგენილი როგორც საზღვარგარეთ მოქმედი წამყვანი სამეცნიერო წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ბაზები, ასევე საქართველოში არსებული უკვე გაციფრული სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა. აქვე თსუ - ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ წარმოადგნა საგანგებოდ მხედველობის პრობლემების პიროვნებათათვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამა "ბუ-2". როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა აღნიშნა ბიბლიოთეკების მომავალი სწორედ ელექტრონულ რესურსებს უკავშირდება და ეს გამოფენაც საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში საგანგებოდ შეირჩა.